„ახალგაზრდა მეწარმე“ — ახალი პროგრამა მეწარმეების მხარდასაჭერად

“Young Entrepreneur”—A new program to support Georgian entrepreneurs

Young Georgians now have the opportunity to start a new business and get co-financing within the program, which includes financial and technical assistance. The amount of financing is defined in the amount of 40% of the submitted project, but not more than 60,000 GEL.

The potential beneficiaries will receive consultation services in business planning and after the co-financing, the selected consulting company will assist the program participants to successfully implement the business plan.


ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი შესაძლებლობა აქვთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით ახალი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ დაიწყო, რომელსაც სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო http://apma.ge/ ახორციელებს. პროგრამა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს სოფლად მეწარმეების მხარდაჭერას.

ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დაიწყონ ახალი ბიზნესი და პროგრამის ფარგლებში მიიღონ თანადაფინანსება, რომელიც მოიცავს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. თანხის მიღება შესაძლებელია როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად. დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია წარმოდგენილი პროექტის 40%-ის ოდენობით, თუმცა არაუმეტეს 60 000 ლარის.

პოტენციური ბენეფიციარები პროგრამაში ჩართვამდე მიიღებენ საკონსულტაციო მომსახურებას ბიზნეს გეგმის შედგენაში. ამასთან, მოხდება საწარმოო პროცესის შეფასება. თანადაფინანსების მიღების შემდეგ შერჩეული საკონსულტაციო კომპანია დაეხმარება პროგრამის მონაწილეს წარმატებით განახორციელოს ბიზნეს გეგმა.

თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, გარდა შემდეგი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი.

როგორ უნდა ჩაერთოთ პროგრამაში და მიიღოთ თანადაფინანსება?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო:

  • ვებგვერდზე რეგისტრაცია — პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრაციას გადის ვებგვერდზე http://danida.apma.ge/
  • განაცხადის შევსება — ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას.
  • განხილვა — სააგენტო წარმოდგენილ განაცხადს განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში.
  • ბიზნეს გეგმის მომზადება და წარდგენა სხვა დოკუმენტებთან ერთად — საკონსულტაციო კომპანია დაეხმარება პროგრამაში მონაწილეებს ბიზნეს გეგმის შედგენაში. დოკუმენტების განხილვის შემდეგ კი მონაწილეს აცნობებს გადაწყვეტილებას.
  • ხელშეკრულების გაფორმება — ბიზნეს გეგმის დამტკიცების შემდეგ პოტენციური ბენეფიციარი აფორმებს ხელშეკრულებას და იღებს თანადაფინანსებას.

ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ სამეწარმეო საქმიანობის დაწყება და ამისათვის სჭირდებათ დამატებითი თანხა უკვე შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე http://danida.apma.ge/ და ჩაერთონ პროგრამაში.