რა საფრთხეს უქმნის აზიური ფაროსანა ქართულ აგროკულტურას

The Asian Brown Marmorated Stink Bug (BMSB) first appeared in Georgia in 2015. Since then, great damage has been caused to agricultural cultures, especially in the western Georgia region of Samegrelo. The extent of its widespread damage may ruin up to 70% of the crop’s value. The Government of Georgia has already started implementing measures against the Asian BMSB. How should farmers protect themselves from the Asian BMSB? (In Georgian)

აზიური ფაროსანა წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. თხილი, სიმინდი, ბოსტნეული, ვაშლი, ციტრული – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უკვე დიდი ზიანი მიაყენა ფაროსანმა. მწერი გაზაფხულზე, აპრილის ბოლოდან იწყებს კვებას. ამ პერიოდში, სახლდება მცენარეზე და გვიან შემოდგომამდე რჩება. ის მავნებელი ხორთუმის საშუალებით ღრმად აღწევს ნაყოფში და წოვს მის წვენს, რის შედეგად ვითარდება სიდამპლე და მოსავალი უსარგებლო ხდება.

ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ის საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული დიდი ზიანი მიაყენა სამეურნეო კულტურებს. განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში. 2016 წელს მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. მწერი, თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. მისი ფართოდ გავრცელების დროს შესაძლოა ზარალმა მოსავლის ღირებულების 70 %-იც შეადგინოს. დღეისათვის, ფაროსანა გავრცელებულია მთელს საქართველოში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ რუქაში http://bmsbadmin.moa.gov.ge/Traps კარგად ჩანს თუ მასშტაბს აღწევს მწერის გავრცელების არეალი.

საქართველოს მთავრობამ აშშ-ს განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უკვე დაიწყო აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება. ერთი მხრივ, ჩატარდა შეხვედრები და სწავლებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი. ხოლო მეორე მხრივ, მოხდა ქიმიური წამლობა. გამოყენებულ იქნა პესტიციდი – ბიფენტრინი. პრეპარატი მწერის ორგანიზმში მოხვედრისას მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე, რის შედეგადაც მწერი კვდება. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდა 22 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი. შეიქმნა ინტერაქტიული რუქა, რომელზეც აისახება მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები. პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების მიზნით ჩაუტარდათ ტრენინგები იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული.

როგორ უნდა დაიცვას ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო კულტურა?

ფერმერებმა მაისიდან უნდა დაიწყონ ინტენსიური დაკვირვება ხეხილისა და თხილის ბაღებში. მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ ქიმიურ წამლობას.

  • პირველი წამლობა კოლხეთის დაბლობზე ივნისის დასაწყისში ტარდება, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდების შესხურება ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი ძირითადად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე.
  • მეორე წამლობა აღნიშნულ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში.
  • მესამე – თხილის მოსავლის აღების შემდეგ.
  • მეოთხე – სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში.
  • მეხუთე – სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.

აზიური ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც უფასოა. http://nfa.gov.ge/ge/saxelmwifo-programebi

სამეგრელო — 16 600
გურია — 16 006
იმერეთი — 16 601
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური — 15 01

ამასთან, მიმდინარეობს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ქიმიურ შეწამლას და მოსახლეობისთვის პრეპარატის გადაცემას. ფერმერებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიიღონ შესაბამისი დახმარება.